პროკურატურასთან დაპირისპირება ირაკლი ალასანიას შეცდომა იყო

პროკურატურასთან დაპირისპირება ირაკლი ალასანიას შეცდომა იყო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პროკურატურასთან დაპირისპირება ირაკლი ალასანიას შეცდომა იყო. როგორც ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, ალასანიას პროკურატურისთვის გამოძიების საშუალება მიეცა და ამ პროცესში თავადაც დახმარებოდა.

"ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანა პროცესი და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პრაქტიკულად, დაპირისპირება მოხდა პროკურატურასთან, რაც იყო შეცდომა. იმ გამოცდილების მქონე პოლიტიკოსისგან, როგორიც ირაკლია, ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, მაქსიმალურად მეიცა საშუალება პროკურატურისთვის და თვითონაც დახმარებოდა. თავისი გამოსვლებით და პოზიციით კი ის გამოძიებას, პრაქტიკულად, დაუპირისპირდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

"ამას დაუდეს პოლიტიკური სარჩული, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, თუმცა ამის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. გასაგებია, რომ პროკურატურასთან არსებობს შეკითხები – უფრო მეტად საზოგადოებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო ლამაზი დაკავება მაშინ, როცა მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ ესეც კი აჩვენებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ "დალაგებული" არ იყო. ეს რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებას დაელოდებოდა ის პოლიტიკოსი, ვინც დაუკვეთა – პრემიერზე თუ ვისზეც აქვთ მინიშნება, მაგრამ ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა. შეიძლება პროკურატურამ დაკავება მოახდინა არაკორექტულ დროს, მაგრამ უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და არავითარი კანონი არ დაურღვევია", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ "ვერავითარ ტრაგედიას" ვერ ხედავს ვერც იმაში, რომ ე.წ. კაბელების საქმიდან რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ სამხედროების მასობრივი დაავადების საქმეც გახსნა.

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დაუშვებელია ისეთი კუნძულების შექმნა, რომელზეც კანონი არ გავრცელდება.

"არავითარი დარღვევა ან გადაჭარბება პროკურატურის მხრიდან არ იკვეთება, ამ დროს კი ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატების" გარდა სხვებიც – კოალიციის შიგნით თუ გარეთ, აკეთებს მინიშნებას, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ეს აზიანებს ქვეყანას. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პროკურატურა არსებობს ქვეყანაში, კანონი მოქმედებს ყველაზე და ყველა ანგარიშვალდებული ვართ მის წინაშე. "ნაციონალური მოძრაობის" სახით იყო ერთი დიდი კუნძული, რომელზეც კანონი არ ვრცელდებოდა. ჩვენ ვერ შევქმნით პატარ-პატარა კუნძულებს. ეს არ უნდა დავუშვათ. მინისტრი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება, მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით საზოგადოება ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, ივანიშვილის განმარტებით, მან არ იცის,  რა სიურპრიზები შეიძლება არსებობდეს.