მომავალი გაარკვევს, ვინ იყო მართალი და ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება

მომავალი გაარკვევს, ვინ იყო მართალი და ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება

მათ სინდისზე იყოს, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმ კოლეგების გადაწყვეტილებას , რომლებმაც ჯერ თანამდებობები დატოვეს, შემდეგ კი პოსტებზე დაბრუნდნენ.

როგორც ფილარმონიაში მისულმა ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი გაარკვევს, ვინ იყო მართალი და ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება.

"თითოეული ადამიანი თავის გადაწყვეტილებას საკუთარი არჩევანის მიხედვით აკეთებს. ეს მათი არჩევანია. მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარის გაკეთებას. ყველაფერს მომავალი დაგვანახებს ვინ იყო მართალი და ვინ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება. მათ სინდისზე იყოს. მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ ისინი ჩემი კოლეგები არიან. ასეთმა ქმედებამ ხინჯი არ უნდა დატოვოს ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება იმას, თუ სად ხედავს პოლიტიკურ მომავალს, ზალკალიანის განმარტებით, თავიდანვე "თავისუფალი დემოკრატების" გვერდით იყო და მომავალშიც მათ გვერდით წარმოუდგენია საკუთარი თავი.

"მე ამ გუნდთან ერთად ვიყავი მას შემდეგ, რაც ის დაფუძნდა. ეს არის თანამოაზრეების გუნდი, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის უფლებები, ევროპული ფასეულობა და ევროატლანტიკური გზისკენ მიმავალი საქართველო. მე თავიდანვე მათ ვერდით ვიყავი და მომავალშიც მათ გვერდით ვხედავ ჩემს თავს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ არ ჯდება ევროპულ ფასეულობებში, მაგრამ არ არის ტრაგედია. კოალიციები ევროპულ ქვეყნებშიც იშლებიან და ერთიანდებიან, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოხდეს ადამიანების შემკობა ისეთი ეპითეტებით, როგორითაც ეს მოხდა. მთავარია ჩვენი ღირსება და ის, რომ წყენაზე მაღლა დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები", - აღნიშნა ზალკალიანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ყრილობას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახსნის.