ირაკლი ალასანია - სახელმწიფოებრივი ინტერესები უმრავლესობისთვის და ჩვენთვისაც იქნება ამოსავალი წერტილი

ირაკლი ალასანია - სახელმწიფოებრივი ინტერესები უმრავლესობისთვის და ჩვენთვისაც იქნება ამოსავალი წერტილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი მინისტრისთვის ფუნქციების გადაბარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, საუბარი ასევე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

"ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომლებიც როგორც მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინ გვქონდა განხილული. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ურთიერთობებს, დავით უსუფაშვილს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდე, როგორ მოხდა ახალ მინისტრზე ფუნქციებისა და მოვალეობების გადაბარება. ბუნებრივია, ხედვები გავცვალეთ ბოლო დღეებში პოლიტიკაში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარებულ მოვლენებზე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გამოყოფის საკითხს. "ვისაუბრეთ იმაზეც, რომ მთავარია ამ პროცესში მომავალში საპარლამენტო ცხოვრებაში პროცესები წარიმართოს ისე, რომ სახელმწიფო პირიქით გამყარდეს და არ დაზიანდეს. ანუ სახელმწიფოებრივი ინტერესები ყველა პოლიტიკური ძალისთვის, უმრავლესობისთვის და ჩვენთვისაც იქნება ამოსავალი წერტილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.