საპარლამენტო უმრავლესობას 12 დეპუტატი ორი ფრაქციის სახით შეემატება

საპარლამენტო უმრავლესობას 12 დეპუტატი ორი ფრაქციის სახით შეემატება

საპარლამენტო უმრავლესობას 12 დეპუტატი ორი ფრაქციის სახით შეემატება, - ამის შესახებ კოალიციის ოფისში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს. მათი თქმით, ისინი არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და მათგან თანხმობა უკვე მიღებულია.

"ისინი არიან 12 დეპუტატი, აქედან ექვსს უკვე აქვს თავისი ფრაქცია და მისი ხელმძღვანელია კახა ოქრიაშვილი. ხოლო მეორე 6 დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსშია", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ეკა ბესელიას ინფორმაციით კი, დარჩა მხოლოდ პროცედურული საკითხები და მათი გადაწყვეტის შემდეგ უმრავლესობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

12 დამოუკიდებელი დეპუტატის საპარლამენტო უმრავლესობასთან მიერთების საკითხი შეაფასა დავით საგანელიძემაც. "დღეს უპარტიო დეპუტატებმა გამოთქვეს სურვილი, რომ იმ დროს, როდესაც საკითხი დგება, თუ რამდენად ექნება ხელისუფლებას ძლიერი დასაყრდენი, ისინი მზად არიან, ორი წლის განმავლობაში შემოუერთდნენ უმრავლესობას, ასე, რომ ბევრად უფრო მეტი წევრი გვეყოლება უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს", - განაცხადა საგანელიძემ.