ივანიშვილის დარჩენა თანამდებობაზე საჭირო იყო იმისთვის, რომ სისტემა ყოფილიყო უფრო გამართული

ივანიშვილის დარჩენა თანამდებობაზე საჭირო იყო იმისთვის, რომ სისტემა ყოფილიყო უფრო გამართული

ბიძინა ივანიშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იქნებოდა ძალიან ბევრი რამის დამასტაბილურებელი და გზაზე დამყენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, მას ივანიშვილთან ძალიან ბევრი საუბარი და თხოვნა ჰქონდა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა.

"ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ძალიან ბევრი საუბარი და თხოვნა, რომ არ დაეტოვებინა პოსტი. მე მაშინაც ვთვლიდი, რომ კიდევ ერთი წელი დარჩენა იმ თანამდებობაზე, სადაც იყო ან რამე სხვა თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც საუბარი იყო, საჭირო იყო იმისთვის, რომ სისტემა ყოფილიყო უფრო გამართული. ივანიშვილის პირობებში, ივანიშვილის ღია მონაწილეობით პროცესებში, ამას ვამბობ ხმამაღლა და არ ვიცი ვინმეს ეწყინება თუ ესიამოვნება, ივანიშვილის დარჩენით საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ კიდევ ერთი წლით, იქნებოდა ძალიან ბევრი რამის დამასტაბილურებელი და გზაზე დამყენებელი. მე ის პრეტენზია კი არ მაქვს მასთან, რომ რამეში არასწორად ერევა ან არადროულად, მინდა ვთქვა, რომ ჯობდა უფრო მეტად ჩარეულიყო და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ერთად ავიღეთ, იმავე ფორმატით გაგვეგრძელებინა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.