ალასანიას დაჭერა რომ ჰქონდეს ღარიბაშვილს ამოცანად, როგორმე სხვანაირად მოახერხებდა

ალასანიას დაჭერა რომ ჰქონდეს ღარიბაშვილს ამოცანად, როგორმე სხვანაირად მოახერხებდა

ალასანიას დაჭერა რომ ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილს ამოცანად, როგორმე სხვანაირად მოახერხებდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"სამსაათიანი საუბარი არ დასჭირდებოდა ამისთვის სადმე, თან ღიად. ამ ორ მოვლენასა და შესაძლო კავშირს შორის ასე პირდაპირ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მე საერთოდ არ მგონია, რომ ვინმეს დღის წესრიგში დგას ალასანიას დაჭერა. ეს ცოტა ისეთი ტერმინია, მაგრამ იძულებული ვარ, რომ ეს გავიმეორო. არავინ არავის დაჭერას არ აპირებს, მაგრამ სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ საქმე, რომლის გამოძიებაც დაიწყეს. მე ამის თაობაზეც პირველი დღეს განვაცხადე, რომ საქმე ეხება ისეთ სფეროს, ისეთ თემას და თუნდაც გამოძიების იმ ფაქტებისა და დეტალების გახმაურებამ, რაც უკვე გახმაურებულია, იმხელა ზიანი უკვე მიაყენა ამ სფეროს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, ყველასი იზრდება, ვინც რაიმე ტიპის დარღვევა დაუშვა ამ სისტემაში, თუ ეს დარღვევა დარღვევაა და თუ ეს გამოვლინდა და დადგინდა, ან მათ, ვინც დაუსაბუთებლად წამოიწყეს, ამ ტიპის საჯარო ხმაურიანი პროცესი ამავე საქმის გამოძიების დროს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ეს საქმე უნდა გამოიძიონ, მათ ხელი არავინ უნდა შეუშალოს ამ პროცესში. "მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათ ამ პროცესში ხელი შეეშალათ, რადგან მოუწიათ გარკვეული ტიპის დისკუსიებში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართვა - პრესკონფერენციებითა და გამოხმაურებებით", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.