ძალიან კარგია, რომ დღეს

ძალიან კარგია, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა აღარავის ახსოვს

ძალიან კარგია, რომ დღეს სხვა ძალები ლაპარაკობენ და "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა აღარავის ახსოვს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

სუბარი მიიჩნევს, რომ იმას, რაც ხდება, ერთის მხრივ, ნაკლებად შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური კრიზისი და მეორეს მხრივ, უკვე დაძლეულია.

"თავისთავად ძალიან კარგია ეს ყველაფერი, ვხედავთ, რომ დღეს სხვა ძალები ლაპარაკობენ და აღარავის ახსოვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ არსებობს. ასე რომ, ქართულ საზოგადოებას უნდა მივულოცოთ. თუ ოპოზიციურ სპექტრს სხვა ძალები დაიკავებენ, თავისთავად ეს დადებითი მოვლენაა, რადგან მართლაც სირცხვილია, როდესაც მთავარ ოპოზიციურ ვითომ ძალას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა", რომლის მხარდაჭერა არ სცილდება 10-15 პროცენტს, ზოგიერთ შემთხვევაში მაქსიმუმ 20% შეიძლება იყოს, მაგრამ არა ის 40 ადამიანი, რომელიც მათ პარლამენტში ჰყავთ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანის მიერ უმრავლესობის დატოვება კარგი არ არის, თუმცა "ვიღაცა იშლება, ვიღაცა ერთიანდება". "ბელგიაში ორი წელი არ ჰყავდათ მთავრობა და იქ არ დაურქმევიათ პოლიტიკური კრიზისი. ერთი მინისტრის გადაყენებას და ორის გადადგომას ვერ დავარქმევთ კრიზისს და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს გადალახულია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.