დიდი იმედი მაქვს, ყველა ის ნაბიჯი, რაც დავიწყეთ თავდაცვის სამინისტროში, გაგრძელდება ახალი მინისტრის პირობებშიც, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, გაფორმდა თუ არა ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის დროს იარაღის შესყიდვის შესახებ შეთანხმება, რაზეც ალასანიამ განაცხადა, რომ საფრანგეთში ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოაწერეს თუ არა საფრანგეთში ხელი იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებას, ალასანიამ უპასუხა, რომ ეს ისეთი საკითხებია, რომელიც არ არის ღიად სასაუბრო.
აღნიშნულ თემაზე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ. "საფრანგეთში რომ ბრძანდებოდა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის რანგში, მან გააფორმა ეს ხელშეკრულება საფრანგეთში და როცა ამ ხელშეკრულებას აფორმებდა, სწორედ მაშინ გაიგო მისი თანამშრომლებიც დაკავების თაობაზე. რა თქმა უნდა, როცა ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ბრძანდება თავდაცვის მინისტრი, ასეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე და ამ დროს მოხდა თანამშრომლების დაკავება, ეს იყო გარკვეულწილად ჩვენთვის მიუღებელი და დღესაც ასეა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.