კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. ოფისში უკვე მივიდნენ ნუკრი ქანთარია, ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება მომავალი სასესიო კვირა, კერძოდ, საუბარი შეეხება პრეზიდენტის ვიზიტს პარლამენტში.
"შესაბამისად, ვაპირებთ განვიხილოთ ის კანონპროექტები, რომელსაც მომავალ კვირაში უნდა ვუყაროთ კენჭი. მე პირადად ფრაქციისა და უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხით ვარ დაინტერესებული", - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება ის, რომ უმრავლესობას გამოაკლდა 7 ძირითადი მოთამაშე.
"ძირითადად შეიცვალა განლაგება პარლამენტში, 7 ძირითადი მოთამაშე გამოგვაკლდა. ამიტომ, ამაზე იქნება საუბარი. პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება. ასევე ვისაუბრებთ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის საკითხზე", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფრაქციისა და უმრავლესობის შეხვედრას პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.