"თავისუფალი დემოკრატები" ქარელის, კასპისა და ყვარლის საკრებულოების წევრებმა დატოვეს

ქარელის, კასპისა და ყვარლის საკრებულოების რამდენიმე წევრმა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქარელის საკრებულოს წევრმა ჯუმბერ შუბითიძემ განუცხადა, მისთვის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების პოზიცია კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით მიუღებელია, რის გამოც პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, მასთან ერთად პარტიას კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ ხათაშვილი ტოვებს. შუბითიძე და ხათაშვილი სავარაუდოდ პარტია "ქართულ ოცნებას" შეუერთდებიან.

კასპის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე გზირიშვილის განცხადებით, მას სურს კოალიციაში ყოფნა და შესაბამისად, "თავისუფალ დემოკრატებს" დატოვებს. გზირიშვილის თქმით, ის არ უერთდება ალასანიას და მისი გუნდის გადაწყვეტილებას კოალიციის დატოვების თაობაზე.

"მე არ მსურს ოპოზიციაში გადასვლა, რადგან მსურს შევასრულო ყველა ის დაპირება, რომელიც ამომრჩეველს როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა მივეცი", - განაცხადა გზირიშვილმა.

ყვარლის საკრებულოს წევრის აკაკი სეფაშვილის თქმით კი, მას კოალიციის დატოვება არ სურს. სეფაშვილის განმარტებით, თუ "თავისუფალ დემოკრატებში" დარჩება, ეს შეუთავსებელი აღმოჩნდება კოალიციაში ყოფნასთან.

"აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პარტია დავტოვო", - აღნიშნა სეფაშვილმა.