ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხის გადაწყვეტა და საქართველოზე მორიგი რეზოლუციის მიღება მიმდინარე წლის დეკემბრის სესიაზე იგეგმება.
ევროპარლამენტში განიხილება ერთდროულად ორი რეზოლუციის პროექტი საქართველოსთან მიმართებაში - ერთი არის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე თანხმობა და მეორე, ე.წ. Non Legislative Resolution, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც დეპუტატების მიერ დოკუმენტში შესატანი შესწორებები იქნა წარმოდგენილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც რეზოლუციის პროექტიდან იმ ჩანაწერების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭერას და ასოცირების შეთანხმების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებზე გავრცელებას ეხება.
"ევროპარლამენტი აბსოლუტურად უჭერს მხარს საქართველოსთან ვიზის ლიბერალიზაციას და მიიჩნევს მას, როგორც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და მოსახლეობისთვის სასარგებლო მოვლენას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს წვლილს სავიზო რეჟიმის გაუმჯობესებაში და ამ საკითხზე არსებულ დიალოგში პროგრესის მიღწევას", - ნათქვამია მომხსენებლის მიერ მოზადებულ რეზოლუციის პროექტში.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებობს საერთო ეროვნული და პარტიებს შორის კონსენსუსი ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში, თუმცა შესწორების ერთ-ერთი ვარიანტით, ამას შეიძლება დაემატოს ჩანაწერი, რომ ასეთმა კონსენსუსმა ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ ძალებს შორის არსებული პოლარიზაციის დაძლევასა და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ამასთან, რამდენიმე შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლის გამო, რაც ნეტაგიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე; შეშფოთებაა გამოთქმული იმ ინფორმაციის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივი შეცვლის მცდელობის მოტივით, რასაც წინ უსწრებდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
ევროპარლამენტის დეპუტატი ჯეიმს კარვერი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიიდან, ითხოვს რეზოლუციის ტექსტიდან რამდენიმე ჩანაწერის ამოღებას, მათ შორის, რომელიც ამბობს, რომ ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოსთან ვიზის ლიბერალიზაციას; რომ 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს, როგორც ევროპის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია, ევროკავშირს წევრობაზე მიმართოს; ასევე, რომ ასოცირების ხელშეკრულება, თავის მხრივ, არ არის ბოლო წერტილი, არამედ წარმოადგენს უფრო ფართო პროცესის ნაწილს, რათა საქართველო ჩართული იყოს ევროპულ ცხოვრებაში ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. დეპუტატი, აგრეთვე, წინააღმდეგია ჩანაწერის, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების გავრცელებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ჯეიმს კარვევრის აზრით, ამის ნაცვლად უნდა ჩაიწეროს, ევროპარლამენტი აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უნიკალურ სტატუსს და მოუწოდებს ევროკავშირს, არ გაავრცელოს ასოცირების ხელშეკრულება ამ რეგიონებზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მათზე კონტროლს ვერ ახორციელებს.
მომხსენებლის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში სულ 132 შესწორებაა ინიცირებული. მათ შორის, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მოუწოდებს რუსეთს ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შეჩერებისა და აღნიშნული რეგიონების აღიარების უკან წაღებისკენ; ყურადღება ექცევა აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტსაც.
საყურადღებო დეტალია ისიც, რომ ანდრეი მამიკინსის რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გატარებასა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერებაში, იარომირ სტეტინა კი წინადადებით გამოდის "ბოლო რამდენიმე წელი" შეიცვალოს ჩანაწერით – "ვარდების რევოლუციის შემდეგ".
ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს ინსტიტუციური ჩარჩოებით განსაზღვრული რეფორმები, თუმცა დეპუტატი ანდრე პლენკოვიჩის წინადადებით აღნიშნულ პუნქტს შესაძლოა დაემატოს ჩანაწერი, "რათა ააშენონ საზოგადოება, რომელიც ხასიათდება პლურალიზმით, ტოლერანტობით, სამართლიანობით, სოლიდარობითა და თანასწორობით ქალებსა და მამაკაცებს შორის".
კიდევ ერთი დამატება, რომელიც რეზოლუციაში შეიძლება შევიდეს, არის ის, რომ ევროპარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ისლამოფობიისა და ჰომოფობის აფეთქების გამო, რასაც წარმატებული სამართლებრივი ნაბიჯები აღარ მოჰყვა.
რეზოლუციის პროექტს, ისევე, როგორც შესაბამის შესწორებებს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 17 ნოემბერს განიხილავს, საბოლოოდ კი, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დეკემბრის სესიაზე იგეგმება.