ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა “სასტუმრო რედისოში” ევროკავშირის ელჩთან იონაშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში წარმოებულ იერიშს, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება, რათა საქართველოს იმიჯი დაზიანდეს.
“ეს ხდება იმისათვის, რომ ხელი შეეშალოს იმ მიზნების შესრულებას, რომელიც ქვეყანას აქვს დასახული ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტერგაციისთვის, ანუ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი დაინტერესებული იქნებიან, რომ გამოძიება წარიმართოს, მაგრამ გამოძიება ღიად ვერ მიმდინარეობს, ადვოკატებს მასალები არ აქვთ. დაკავებულები ერთი კვირა საპატიმროში აუხსნელი მიზეზით იმყოფებოდნენ და ის ეჭვები მყარდება, დღითიდღე საქართველოს აზიანებს. დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ღია გამოძიება სწრაფად დაიწყოს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და არავის მიეცეს საშუალება, შებღალოს იმ სამოქალაქო პირების და დაკავებულების სახელი, ასევე ჩემი პირადი ღირსება. ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივყვები და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ კუთხით ძალიან ყურადღებით იქნება”, - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ძალიან მახინჯ ფორმებს მიიღებს თუ არ მოხდა გამოძიების ღიად ჩატარება.
რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ გამოძიება ყოფილ მინისტრამდე მივიდეს, ალასანიამ განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს და ყველაფერს ელოდება.
“მე ვიცი, რომ ამ ყველაფრის სამიზნე მე ვარ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს უდანაშაულო ბიჭები უნდა გამოვიდნენ და თუ რამე შეკითხვები აქვთ, მოვიდნენ ჩემთან”, - განაცხადა ალასანიამ.