„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ყრილობაზე კოალიციიდან ყოფილი პარტნიორები მოვლენ“

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ყრილობაზე კოალიციიდან ყოფილი პარტნიორები მოვლენ“

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, 8 ნოემბერს „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა კოალიციურ რეჟიმში იყო დაგეგმილი, თუმცა ეს შეიცვლება.

ზურა აბაშიძემ ყრილობაზე მოწვეულთა სია ჯერჯერობით არ იცის.

„პარტიის ამ ყრილობას კოალიციურ რეჟიმში ვგეგმავდით და ეს რა თქმა უნდა, თავისთავად შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ყველას ვეპატიჟებით - ჩვენს ყოფილ პარტნიორ პარტიებს კოალიციაში. მე დარწმუნებული ვარ მოვლენ. ჩვენ პარლამენტის შიგნითაც გავაგრძელებთ მუსაობას“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, 8 ნოემბერს მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა და როგორც ცნობილია, ამ პოსტს ირაკლი ალასანია დაიკავებს.

ამასთან, ზურა აბაშიძემ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დარჩება ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ საპარლამენტო უმრავლესობაში და აღნიშნა, რომ დეპუტატები თენგიზ ჯაფარიძე და გელა სამხარაული კოალიციაში რჩებიან.

„რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, არ მგონია, რომ ეს პრობლემა დაუძლეველი იყოს. გედი ჩვენი მეგობარია. პატიოსანი კაცი და ნადვილად ღირსეული პარლამენტის წევრი და პიროვნებაა. არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა იყოს“, - განაცხადა ზურა აბაშიძემ გედევან ფოფხაძის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, ზურა აბაშიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ თანამშრომლობაზე საუბარი არ არის და არც იქნება.