ნურავინ ნუ შეეცდება საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოყალიბებას, მითუმეტეს, ეს არ ეკადრება პრემიერ-მინისტრს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტობა ღიმილის მომგვრელია.
"ჩვენ გაცილებით უფრო ადრე დავიწყეთ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი იმ დროს (მე ამაში დასაზრახს ვერაფერს ვხედავ) ბიზნესში იყო. მინდა ძალიან ცხადად და მკაფიოდ ვუთხრა საზოგადოებას – არ არსებობს შემთხვევა, როდესაც იმდენად განსხვავებულ მსოფლმხედველობით ვითარებაში, როგორიც არის ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის რაიმე ტიპის პარტნიორობაზე, ან კომუნიკაციაზე იყოს საუბარი, მაგრამ აქვე მინდა დავადასტურო, როდესაც პარლამენტში ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონი შევა, ნატო-ს პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხი შევა, იქ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც", იქ იქნება "თავისუფალი დემოკრატების" სიტყვაც, ამიტომ ნურავინ ნუ შეეცდება საზოგადოებაში მცდარი აზრის ჩამოყალიბებას, მითუმეტეს, ეს არ ეკადრება პრემიერ-მინისტრს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ერთ კონკრეტულ პარტიასთან თანამშრომლობის საკითხი არ განიხილება.
"ერთი, ვინც ყველაზე ბედნიერია მიმდინარე მოვლენებიდან, როგორც მივხვდი ეს არის "გაერთიანებული დემოკრატიული" მოძრაობა, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. ქალბატონი ნინო აშკარად ვეღარ მალავს სიხარულს მის კომენტარებში", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დემოკრატიულ მოძრაობასთან" გამორიცხულია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განმარტა, პარტიას გარკვეული დაფინანსება გააჩნია, რადგან პარლამენტში და საკრებულოში არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც თანადგომის და პარტიაში გაწევრიანების სურვილი აქვს.