საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე მასალები გადაუგზავნა. ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე.
მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა, პროცესის საჯაროობის და გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვის ფაქტს, განსაიდუმლოების და გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა ამავე უწყებიდან ამოღებული დოკუმენტები, რომელსაც ასევე ეთხოვა ამავე საქმეზე გამოძიებისთვის მიშვნელოვანი იმ დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლაც, რომელიც არ მოთხოვნილა თავდაცვის სამინისტროს მიერ, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენს. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ამავე საქმეში არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დოკუმენტების განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლა ეთხოვა სხვა გამსაიდუმლოებელ ორგანიზაციებს.
ამავდროულად, გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, მთავარი პროკურატურა გამოძიების მასალებსა და მტკიცებულებებზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სრულ მტკიცებულებებს მიაწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელიც როგორც ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად იმსჯელებს საქმისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის საკითხზე.
ასევე პროკურატურა აპირებს განსაიდუმლოების მიზანშეწონილობის შესწავლის მოთხოვინით მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც გამოძიების მიერ მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საიდუმლო შესყიდვების კანონიერებისა და საიდუმლო შესყიდვის ფორმით ჩატარების აუცილებლობის შემოწმება", - აღნიშნულია განცხადებაში.