შალვა შავგულიძე - თუ პარლამენტი ე.წ ფარულ მოსმენებზე კანონის გადავადებას მხარს არ დაუჭერს, პრობლემები შეიქმნება

შალვა შავგულიძე - თუ პარლამენტი ე.წ ფარულ მოსმენებზე კანონის გადავადებას მხარს არ დაუჭერს, პრობლემები შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შალვა შავგულიძის განცხადებით, თუკი პარლამენტი ე.წ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით , კანონის გადავადებას დღეს მხარს არ დაუჭერს, სერიოზული პრობლემები შეიქმნება.

როგორც შავგულიძე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, დაურეგულირებელი დარჩება ინფორმაციის შენახვის საკითხი, რაც კოლაფს გამოიწვევს. 

"აბსოლუტურად დაურეგულირებელი დარჩება ინფორმაციის შენახვის საკითხი თუ კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა იმ სახით, რა საჭიროებაც კანონმა ჩათვალა. გამოდის, რომ ჩვენ კომპანიებს დავავალდებულებთ შეასრულონ ის, რაზეც ოფიციალურად პარლამენტს მოსწერეს, რომ ვერ გააკეთებენ, რადგან ამისთვის საჭიროა ტექნიკური აღჭურვა და ფინანსები. წვრილი კომპანიები კი ამას საერთოდ ვერ შეძლებენ. ინფორმაციის შენახვის კუთხით მივიღებთ უბრალოდ კოლაფს, რაც არასერიოზული იქნება და შეუძლებელს გახდის საგამოძიებო საქმიანობას", - განაცხადა შავგულიძემ. 

რაც შეეხება ე.წ.გასაღებთან დაკავშირებულ საკითხს, შავგულიძე აცხადებს, რომ არ ვიცით რა შედეგს მივიღებთ. "შეიძლება ეს იყოს ძალიან ცუდი შედეგი, იმიტომ, რომ ბოლომდე არ გვაქვს დანახული საფრთხე იმისა, რა მოჰყვება იმას თუ მობილური კომპანიის ხელში გადავა ეს ე.წ.გასაღები", - განაცახადა შალვა შავგულიძემ.

დღეს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები ერთი მოსმენით უნდა განიხილონ. საუბარია ე.წ. გასაღების საკითხზე, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების საკითხი 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა გადაიწიოს.