ვახტანგ ხმალაძე - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადავადდეს

ვახტანგ ხმალაძე - ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადავადდეს

მიმაჩნია, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადავადდეს არამარტო იმიტომ, რომ პარლამენტს ჰქონდეს მეტი დრო, არამედ იმიტომაც, რომ მნიშვნელოვანი იქნება ევროპის დონეზე გადაწყვეტილების ნახვაც", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, ორი გასაღების იდეა მისთვის მისაღებია, თუმცა აქვე უნდა განისაზღვროს თუ ვის ხელში აღმოჩნდება ეს გასაღებები. 

,,დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირსა და ევროსაბჭოს ორგანიზებით პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ტარდება დიდი კონფერენცია, სადაც კონფერენციის შედეგებზე დაყრდნობით, წლის ბოლომდე ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს თუ როგორი უნდა იყო პოლიტიკა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით. პირადად მე მომწონს ორი გასაღების იდეა, თუმცა ამ ორი გასაღებიდან ერთი უნდა იყოს იმ მოსამართლის ხელში, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ფარული მოსმენის კანონიერებისა და შესაძლებლობის შესახებ და მეორე გასაღები მიმაჩნია, რომ უნდა იყოს სახელმწიფო უწყების და არა უშუალოდ ინტერნეტ პროვაიდერის ხელში. საკითხი ძალიან რთულია და შეთანხმების გარეშე გართულდება გადაწყვეტილების მიღებაც. აქ მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომელმაც უნდა მოგვცეს პიროვნების უფლების დაცვისა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესების დაცვის მაქსიმალური გარანტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაველოდოთ თუ როგორი იქნება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაც", -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ვახტანგ ხმალაძემ. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ე. წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ვერსია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. 

"საუბარია იმაზე, რომ ე.წ გასაღები იყოს ერთი მხრივ მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ მისი ფლობა. მეორე მხრივ, მე პირადად ვეწინააღმდეგები ამას, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს. მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს", - განაცხადა პრემიერმა.