ირაკლი ღარიბაშვილი - რა გვირჩევნია, ე.წ გასაღები იყოს სამართალდამცავების ხელში და მათ კონტროლი დავუწესოთ, თუ უცხოური კომპანიების და სასამართლოს ხელში

ირაკლი ღარიბაშვილი - რა გვირჩევნია, ე.წ გასაღები იყოს სამართალდამცავების ხელში და მათ კონტროლი დავუწესოთ, თუ უცხოური კომპანიების და სასამართლოს ხელში

რა გვირჩევნია, ე.წ გასაღები იყოს სამართალდამცავი ორგანოების ხელში და მათ კონტროლი დავუწესოთ, თუ იყოს უცხოური კომპანიების და სასამართლოს ხელში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ე.წ.მოსმენების კანონთან საზოგადოებას მიმართა. 

"მივმართავ საზოგადოებას, რა გვირჩევნია, ე.წ გასაღები იყოს სამართალდამცავი ორგანოების ხელში და მათ კონტროლი დავუწესოთ, თუ იყოს უცხოური კომპანიების და სასამართლოს ხელში. მე როგორც ამიხსნეს, ტექნიკურად ეს შეუძლებელია, დრო და რესურსები სჭირდება და მოსამართლე ტექნიკურად ამის ჩართვას როგორ შეძლებს, ვერ წარმომიდგენია. არის მთელი რიგი საკითხები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან. ის ვარიანტი, რომელიც დამუშავდა და წარმოდგენილი იქნა, გულისხმობდა კონტროლის მექანიზმის შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთან, რომელიც განახორციელებდა მონიტორინგს და გააკონტროლებდა შსს-ს, რაც აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე მიდგომაა. აიღეთ ძლიერი განვითარებული ქვეყნების მაგალითი, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც ე.წ გასაღები შსს-ს მფლობელობაშია და უსაფრთხოების სამსახურების, მაგრამ მათ დაწესებული აქვთ მოინტორინგი, ეს არის მიდგომა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, დღეს საუბარია იმაზე, რომ ნაუცბათევად მიიღონ ახალი კანონი და ეს მექანიზმი გადაეცეს ერთი მხრივ, უცხოურ კამპანიებს და მეორე მხრივ, სასამართლოს. მისი თქმით, არის დამანგრეველი, პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

"კარგად დაფიქრდნენ, მესმის ეს იდეები, ძალიან კარგია, მაგრამ ამას სჭირდება ჩვენი რეალობის გააზრება და გაანალიზება, მითუმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ რთულ რეგიონში და ქვეყანას აქვს ძალიან რთული გამოწვევები. ამ შემთხვევაში მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, დეპუტატები დაფიქრდებიან. მე, როგორც კოალიციის თავმჯდომარე, მივმართავ უმცირესობას და უმრავლესობას, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. არ შეიძლება გაუაზრებლად ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააზიანებს კიდევ უფრო დიდ სიკეთეს, ნაბან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ ბავშვი. სახელმწიფოს ინტერესები და უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის და ასეთ საკითხებზე ზედაპირულად საუბარი არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.