ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად ვეწინააღმდეგები, რომ ჩართვის მექანიზმი მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში იყოს

ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად ვეწინააღმდეგები, რომ ჩართვის მექანიზმი მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში იყოს

მოსმენების კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ჯგუფის მიერ შემოთავაზებული ვერსია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ როდესაც საუბარია, მობილური ოპერატორების ან სასამართლოს მიერ ე.წ გასაღების ფლობაზე, ეს პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო საიდუმლოებასა და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან.

"საუბარია იმაზე, რომ ე.წ გასაღები იყოს ერთი მხრივ მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ მისი ფლობა. მეორე მხრივ, მე პირადად ვეწინააღმდეგები ამას, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს. მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს. ამასთან, სამართადამცავებს გართულებული აქვთ ურთიერთობა სასამართლოსთან, ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ წინააღმდეგობები სასამართლოდან რადგან მკაცრად დასაბუთებულ შემთხვევებშიც კი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას, აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს და სისტემა იქნება პარალიზებული", - განაცხადა პრემიერმა. 

ამავე კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა დღეს მოწმეთა დაცვის შესახებ კანონზეც ისაუბრა.

"ეს მაგონებს მოწმეთა დაცვის წესის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც ყველა მოწმე სასამართლოში უნდა დაკითხულიყო. ამისთვის სახელმწიფო არ არის მზად. მაშინ არსებობდა კომისია და როდესაც მე მინისტრი ვიყავი კომისიის ფარგლებში ვკითხე კოტე კუბლაშვილს, იყო თუ არა მზად სასამართლო და მითხრა, რომ რა თქმა უნდა, მზად არ არის. 200 მოსამართლე ქვეყნის მასშტაბით ვერ მოემსახურება ათასობით მოწმეს. დღის განამვლობაში პოლიციამ და პროკურატურამ შეიძლება დაკითხოს რამდენიმე ასეული მოწმე, რაც გამოიწვევდა იმას, რომ თვეების განმავლობაშიც შეიძლება ვერ მომხდარიყო წვრილმანი დანაშაულის გახსნა, აღარ ვსაუბრობ მძიმე დანაშაულზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა და ოპოზიციონერ დეპუტატ პავლე კუბლაშვილთან საუბრის დეტალებზე ისაუბრა. 
"მახსოვს მინისტრობისას საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ პავლე კუბლაშვილთან, რადგან ეს სწორედ მათი ინიცირებული იყო. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სამართალდამცავი ორგანების პარალიზებას გამოიწვევდა. დავუსვი კითხვა, რატომ აკეთებდა ამას, რადგან ეს ქვეყანა მათიც არის - "ნაციონალური მოძრაობისაც", ოპოზიციისა და რატომ არ უფრთხილდება სახელმწიფო ინტერესებს. მან მიპასუხა, რომ ოპოზიციის საქმეა, მთავრობას შეუქმნას პრობლემები და ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას და ასეთ გამოწვევებს უპასუხოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.