ალექსი პეტრიაშვილი - ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება

ალექსი პეტრიაშვილი - ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. 

"არც კი განიხილება ეს საკითხი", - განუცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი შეფასებით, თავდაცვის უწყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება, რომლის წარმატებაზეც საუბრობენ ნატო-ს გენერალური მდივანი, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირები და ევროპელი კოლეგები. ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაირკვეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თავდაცვის სამინისტრომ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, უწყების ხელმძღვანელობა თავდებში უდგება მის თანამშრომლებს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ეს ამბავი, დადებითად გადავწყვეტდი, თუმცა ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. 

მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.