მაია ფანჯიკიძე - თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება

მაია ფანჯიკიძე - თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება

თავდაცვის მინისტრი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. 

მისი განმარტებით, ირაკლი ალასანია არც უნდა გადადგეს, რადგან იგი წარმატებული მინისტრია.

"ირაკლი ალასანია არც ერთ შემთხვევაში არ გადადგება. იგი არ უნდა გადადგეს, რადგან ძალიან წარმატებუილი მინისტრია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვასა და მითვისებას გულისხმობს.