"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებას" სულ ბოლო დატოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთმა ლიდერმა , პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
უსუფაშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობა" ყველა დონის არჩევნებში დამაჯერებლად დაამარცხა, მისი ამოცანა არა ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან პაექრობა, არამედ ქვეყნის უკეთ მართვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს.
"რესპუბლიკური პარტიის" მიერ პოლიტიკური პარტნიორებისადმი გაკეთებულ შეთავაზებაზე განმარტებები დღეს დავით უსუფაშვილმაც გააკეთა.
"რესპუბლიკური" პარტიის პოზიცია რჩება უცვლელი. ერთი წლის წინ გამართუოლ ყრილობაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ "რესპუბლიკური პარტია" კოალიციას დატოვებს ბოლო, ანუ თუ კოალიციის პარტნიორები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ამ პოლიტიკურმა ერთობამ თავია მოწურა, ჩვენ ვიქნებით ბოლო. საკითხი იმის შესახებ, რომ პარტია კოალიციას ტოვებს, ან უახლოეს მომავალში მსგავსი რამ არის მოსალოდენლი, არ არსებობს. ამასთან, კოალიცია ეს არის ინსტრუმენტი და არა ამოცანა. კოალიცია საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთ მართო. ისევე, როგორც ჩვენ, ჩვენი კოლეგები სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას გვთავაზობდნენ და მთავარმა კოლეგამ ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად კოალიციის შექმნა შემოგვთავაზა, ჩვენ კოლეგებს ვთავაზობთ ასეთ რამეს – კარგად გავიაზროთ რა ამოცანები აქვს კოალიციას დარჩენილი ორი წლის განმავლობაში, არჩევნებამდე დარჩენილ დროში. ჩვენ ვთვლით, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდა საარჩევნო ციკლი, რაც ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რაც უელსის სამიტზე უსაფრთხოების განმტკიცების პაკეტი მივიღეთ, ამ მოცემულობაში ჩვენ მეტად გვმართებს საზოგადოების მესაჭის როლში შესვლა და ნელ-ნელა თავი უნდა დავაღწიოთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" პაექრობას", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ფიზიკურად კაბინეტებიდან გამოსვლა, არ ნიშნავს, რომ სისტემები შეიცვალა.
"უნდა დავაჩქაროთ სისტემური რეფორმები. კარგია, რომ თვითმმართველობის რეფორმა დავიწყეთ – ის გასაგრძელებელი და ლოგიკურ დასასრულამდეა მისაყვანი. კარგია, რომ სასამართლოს რეფორმა დავიწყეთ – ესეც გასაგრძელებელია და მეორე ტალღის რეფორმაა ჩასატარებელი. კარგია, რომ სამართლდამცავ სისტემაში სერიოზული ცვლილებებია, მაგრამ კიდევ წინ უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტამდე მივიდეს პროკურატურა, პოლიცია, უშიშროების სამსახურები. კარგია, რომ ბიზნესი და მედია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა, მაგრამ საჭიროა, მედიაც და ბიზნესიც უფრო მეტად იყოს საზოგადოებისა და ხალხის სამსახურში და ეს ჩვენი ამოცანაა. აი, ამ კონკრეტული საკითხების მოგვარებას ვთავაზობთ ჩვენ კოალიციას. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ დასახულ ამოცანებს ინერციით ვერ გავუმკლავდებით. ყველას გვესმის, რომ საჭიროა წინსვლა და კონკრეტულ მოდელებზე მალე შევთანხმდებით", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.