პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციაში "რაიმე კატასტროფულს და საყურადღებოს ვერაფერს ხედავს".
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ იქნება სწორი, თუკი 15 ნოემბრამდე დარჩენილ დროში განხილვის თემა "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან ხალხის ჩამოსაყვანად 15-15 ლარის გადახდას აპირებს და გეგემავს, რომ შემდგომ მათ ერთმანეთი სცემონ.
"ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მახსენდება, როდესაც ჩვენ, ოპოზიცია მიტინგებს ვაწყობდით ხოლმე, თუკი ხელისუფლების მხრიდან რაიმე მსგავსი ბრალდება გაისმოდა, ეს ხალხის მობილიზებაში ხელს არ გვიშლიდა – პირიქით, მეტი ხალხი მოდიოდა. არ მგონია, რომ რაიმე კატასტროფული და საყურადღებო ხდება. "ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველა დონეზე სრულად არის გაკოტრებული, ცდილობს, პოლიტიკური აქტიურობის ახალი ფორმები გამოძებნოს. ეს მათი გადასაწყვეტია - როცა უნდათ, სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და რა თემაც უნდათ, ის თემა წამოწიონ. ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები, როგორც ყოველთვის, აქაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ, რათა ადამიანის უფლებების დარღვევა – თავად მომიტინგეების თუ სხვების, არ დაუშვან. არ იქნება სწორი, თუ დღეიდან 15 ნოემბრამდე ამ თემაზე ლაპარაკში გავატარებთ - "ნაციოლნალური მოძრაობა" რას აპირებს, როგორ აპირებს და რატომ აპირებს. რაც უნდათ ის დააპირონ, იქნება აქცია კანონიერი და მშვიდობიანი – ჩაატარებენ, იქნება ძალისმიერი – მიიღებენ სათანადო პასუხს იმ ხალხისგან, ვისაც ეს ევალება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.