ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ფაქტით დაინტერესდნენ

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების ფაქტით დაინტერესდნენ

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის დაკავების ფაქტით დაინტერესდნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აღნიშნული ფაქტის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტის დეკლასიფიკაცია მოითხოვა და მზად არის, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან.

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გუშინ გაიმართა. სტუმრები მიხეილ დარჩიაშვილმა მიიღო. 

შეხვედრაზე საქართველოსთვის უელსის სამიტის შედეგები და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შემუშავებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კონცეფციის ელემენტები განიხილეს. დოკუმენტის შესახებ 20 ოქტომბერს, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში იმსჯელეს.

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა და სამხედრო ატაშეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვეს.