დავით უსუფაშვილი - დღევანდელი მდგომარეობით შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული

დავით უსუფაშვილი - დღევანდელი მდგომარეობით შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის, - აღნიშნულ განცხადებას დავით უსუფაშვილი აკეთებს, რომელსაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მომხდარი პირად საქმედაც მიაჩნია. 

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველა იმ პირის მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, მაშინ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც აღნიშნული საქმე წამოიწყო. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი მიადგა. 

"თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც ერთი მორიგი საქმე. საქმე ეხება სწორედ თავდაცვის მიმართულებას – იმ მიმართულებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დელიკატური და მგრძნობიარე სფეროა. გახსოვთ, 2008 წლის ომის დროს, ეს ის მიმართულება იყო, რომელიც ჩავარდა, როცა შეიარაღებული ძალები მობილური ტელეფონების იმედზე იყო. ამიტომ საკითხში სიცხადის შეტანა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის – თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველას მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდა, რომ ბრალდება საფუძვლიანი და მართებული არ არის, მაშინ იმ ადამიანების სერიოზული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს საქმე წამოიწყო. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული – ან ამ დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა მივყვეთ საქმეს ბოლომდე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საკითხს ჩემს პირად საქმედაც ვთვლი. პარლამენტი ყველა შესაძლო ბერკეტით, კანონისა და კონსტიტიციის ფარგლებში ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს – არც ერთი და არც მეორე ვარიანტი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.