თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სახელმწიფო ქონების გაფლაგვისა და მითვისების მუხლებით წარედგინათ

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სახელმწიფო ქონების გაფლაგვისა და მითვისების მუხლებით წარედგინათ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II და III ნაწილი წარედგინათ. 

აღნიშნული მუხლი სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლაგვასა და მითვისებას გულისხმობს. ადვოკატები პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ. 
როგორც გუშინ, ბრალის წარდგენის შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ დაცვის მხარეს საქმის მასალები არ გადასცა, რითაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაარღვია.
 

"დღეს რაც გააკეთა მთავარმა პროკურატურამ, არის ის, რომ დაარღვია დაცვის უფლებები, არ გადმოგვცა სისხლის სამართლის მასალების ასლები, ყუთებით მოგვიტანეს მასალები და გვითხრეს, რომ ადგილზე გავცნობოდით მათ, რადგან საქმე არის გრიფირებული და დაშვება არ გვქონდა. თუ დაშვება არ გვქონდა საქმის მასალებზე, მაშინ წაკითხვის უფლებაც არ უნდა გვქონოდა. დაცვის მხარეს მიზანმიმართულად უზღუდავენ უფლებას, მოემზადონ სასამართლო პროცესისთვის და განახორციელონ სრულყოფილი დაცვა", - აღნიშნა გუშინ ლევან სამუშიამ. 

მისივე თქმით, დაუშვებელია, რომ საქმის მასალების გაცნობა მოხდეს პროკურორების თანდასწრებით წინასწარი დაკავების იზოლატორში. "საქართველოს "საიდუმლოების შესახებ" კანონითაც სრული უფლება გვქონდა, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს. იმედს ვიქონიებთ, რომ სასამართლოს ადეკვატური რეაგირება ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან სამუშიამ. 
ადვოკატის თქმით, ეს საქმე ერთი ერთში ჰგავს ე.წ. ტრაქტორების საქმეს, უბრალოდ ტრაქტორები არის შეცვლილი კაბელებით. მისივე თქმით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ მათი დაკავება უსამართლოდ მოხდა. 

"ეს საქმე ერთი ერთში ჰგავს ტრაქტორების საქმეს. საქმეები ჰგვანან ბრალდების ფორმულირებით, მუხლებით. ცვლილება ერთი ის არის, რომ ტრაქტორები შეცვლილია კაბელებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოქმედებდნენ სრულიად კანონიერად და მათი მოქმედების შედეგად სახელმწიფომ არა თუ იზარალა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტმა გაცილებით ისარგებლა", - განაცხადა ლევან სამუშიამ.