საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, განახორციელოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო დიალოგის პირველი (საკანონმდებლო) ფაზეს მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეუდგეს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიესალმება საშინაო საქმეთა ევროკომისარის ქ-ნ სესილია მალმსტრომის დადებით შეფასებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევასთან დაკავშირებით", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკომისიამ დღეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეორე ანგარიში მიიღო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და უკვე შესაძლებელია, დაიწყოს მეორე ფაზა. "კმაყოფილი ვარ შედეგების შეფასებით და მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო მათ მიერ გაწეული ძალისხმევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ვალდებულება, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის განხორციელების მიზანს მიუახლოვებს", - აღნიშნა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის ნოემბერში კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონები დოკუმენტური უსაფრთხოების, თავშესაფრის მინიჭების, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების სფეროებში, ისევე, როგორც სხვა ზომები ხარვეზების გამოსავლენად.
"მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2014 წლის ზაფხულში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე სამართლებრივი კუთხით, 2014 წლის გაზაფხულზე კი ძალაში შევიდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ასევე მიუთითებს საქართველოს მზაობაზე, ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგისთვის", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისია ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ მუშაობას კვლავ გააგრძელებს. "კომისია მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტრუქტურების განხორციელებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.
2013 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ამოცანების განხორციელებაში.