უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღების 6 თვით გადავადების საკითხს მაინც და მაინც არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება .
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მას ასეთი შთაბეჭდილება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დარჩა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი იყო.
"პრემიერი ამბობს, რომ მას, რა თქმა უნდა, სურს ერთხელ და სამუდამოდ ეს თემა დაიხუროს და ის მიესალმება, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. შესაბამისად, 6 თვით გაგრძელებას ამ საკითხის განხილვისა, მაინც და მაინც თვითონაც არ მიესალმება, როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება ამ შეხვედრიდან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.