სახალხო დამცველლმა უჩა ნანუაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ მაქსიმალურად შეეცდება მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახალხო დამცველის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას , - ამის შესახებ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახალხო დამცველი გაძლიერდეს ინსტიტუციონალურად, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი ეფექტრი მუშაობის შესაძლებლობა, რაზეც მივიღეთ მისგან დაპირება, რომ მაქსიმალურად ეცდება მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახალხო დამცველის ოფისს. აქ საუბარია როგორც ინსტიტუციონალურ გაძლიერებაზე, მათ შორის კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე. როდესაც სახალხო დამცველი ითხოვს თუნდაც დახურულ დაწესებულებაში ფოტო და ვიდეოგადაღების უფლების მინიჭებას, რომ ჩვენ შეგვეძლოს გადაღება ნებისმიერი სხეულის დაზიანებისა. ასევე საუბარია სხვა მსგავს ცვლილებებზე, რომლის მიზანი იქნება სახალხო დამცველის ინსტიტუციონალური და ფინანსური გაძლიერება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ აქტუალურ თემას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა. "ჩვენ განვიხილეთ მოხეში განვითარებული მოვლენები. ასევე ინციდენტები, რომლებიც დაკავშირებულია ზოგადად ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების საკითხებთან, ქალთა მიმართ ძალადობაზე და იმ პოლიტიკაზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა აწარმოოს. ასევე, საუბარი შეეხო ე.წ. მოსმენების სქემას და იმ კანონპროექტს, რომელიც განიხილება პარლამენტში. ასევე საუბარი იყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელსაც ჩვენ არაერთი თვეა ვითხოვთ და რომელმაც უნდა გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ვისაუბრეთ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე. გვქონდა სურვილი, ყველა ინფორმაცია ამ თემებთან დაკავშირებით პირადად მისულიყო პრემიერთან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დაპირება, რომ ეს საკითხები იქნება განხილული, მით უმეტეს, როდესაც არსებობს პარლამენტის სპეციალური დადგენილება, როდესაც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით.