თუ ვინმე უკმაყოფილოა კოალიციური თანამშრომლობით, შეუძლიათ ეს ღიად თქვან

თუ ვინმე უკმაყოფილოა კოალიციური თანამშრომლობით, შეუძლიათ ეს ღიად თქვან

თუ ვინმე უკმაყოფილოა კოალიციური თანამშრომლობით, მათ შეუძლიათ ეს პირდაპირ და ღიად თქვან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებას, რომელიც კოალიციის გაძლიერებისთვის კოლეგებს ორ გზას სთავაზობს.

ქუცნაშვილის განმარტებით, "ქართული ოცნება" "რესპუბლიკელების" ხედვაზე იმსჯელებს, რადგან "კოალიცია იმიტომ არსებობს, რომ ასეთ საკითხებზე მუშაობდეს ყოველდღიურ რეჟიმში".

"მე პირველად გავიგე გუშინ ამ განცხადების შესახებ. ამის თაობაზე ჩემთვის უცნობი იყო. ვერ ვილაპარაკებ პარტიის სახელით, რადგან მართალია წარმოვადგენ პარტიის დამფუძნებელს, მაგრამ არა მმართველს. ზოგადად კოალიციური თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ კოალიციის წევრებს შორის დიალოგი მუდმივ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. იმიტომ არსებობს პოლიტიკური კოალიცია, რომ თანამდებობის პირები სწორედ ამ საკითხებზე მუშაობით იყვნენ დაკავებულები ყოველდღიურ რეჟიმში. თუ ვინმე უკმაყოფილოა კოალიციური თანამშრომლობით ან კოალიციური უმრავლესობის მართვით, მათ შეუძლიათ ეს პირდაპირ და ღიად თქვან", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართული ოცნების" ეფექტიანობის გაზრდის მიზნით პარტნიორებს ორ შესაძლო გზას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში, რომელიც მან მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ გუშინ გაავრცელა.

პარტიის განმარტებით, ორი გზიდან პირველი არსებული სპეციფიკური (წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული) კოალიციის კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად გადაქცევას გულისხმობს, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება პასუხისმგებლობების სრულყოფილად გადანაწილებითა და დეკლარირებული და პრაქტიკული ერთიანობით საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, მეორე კი ისეთ კოალიციად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.