თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე თანამშრომელს თავდებში უდგებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განუცხადა, მაღალჩინოსნები დაკავებულების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში თავდებში დგებიან, რომ ბრალდებულები არ მიიმალებიან და საქმის გამოძიებას ხელს შეუწყობენ.
კერძოდ, თავდებში დგებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კბილცეცხლაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე რომან ჯოხაძე.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
აღნიშნულ პირებს დღეს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვასა და მითვისებას გულისხმობს.