საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფარული მოსმენების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მესამე სექტორის წარმომადგენელებმა სახელმწიფოს მეთაურს არსებულის ალტერნატიული კანონპროექტის დეტალები გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათთვის კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცება ან 6 თვით გადავადება მიუღებელია. ძირითად უკმაყოფილებას კი, მათი თქმით, იწვევს ე.წ. გასაღების საკითხი. მათთვის მიუღებელია „გასაღების" შინაგან საქმეთა სამინისტროში დატოვება და მოითხოვენ, რომ კონტროლის მექანიზმი მობილური ოპერატორების ხელში გადავიდეს.

როგორც საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ განმარტა, ერთი მხრივ, პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, არ დაირღვეს სახელმწიფო უსაფრთხოება, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იყოს ადამიანის უფლებები.

„საქართველოს პრეზიდნეტი ხშირად მართავს შეხვედრებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოისმინოს ყველა მხარის პოზიცია. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ვერ მოხერხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა. პრეზიდენტი მზადაა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები კვლავაც განაგრძოს", - აღნიშნა ბესარიონ აბაშიძემ.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საპარლამენტო მდივნის მოადგილე ესწრებოდნენ.