საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ევროკომისიამ დღეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეორე ანგარიში მიიღო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და უკვე შესაძლებელია, დაიწყოს მეორე ფაზა. "კმაყოფილი ვარ შედეგების შეფასებით და მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო მათ მიერ გაწეული ძალისხმევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ვალდებულება, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის განხორციელებს მიზანს მიუახლოვებს", - აღნიშნა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის ნოემბერში კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონები დოკუმენტური უსაფრთხოების, თავშესაფრის მინიჭების, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების სფეროებში, ისევე, როგორც სხვა ზომები ხარვეზების გამოსავლენად.
"მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2014 წლის ზაფხულში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე სამართლებრივი კუთხით, 2014 წლის გაზაფხულზე კი ძალაში შევიდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ასევე მიუთითებს საქართველოს მზაობაზე, ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგისთვის", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისია ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ მუშაობას კვლავ გააგრძელებს. "კომისია მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური სტრუქტურების განხორციელებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.
2013 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ამოცანების განხორციელებაში.