ნატო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა ბრიუსელში, გერმანიის მარშალის ცენტრში გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესთან იმ ყოვლისმომცველი პაკეტის განხილვას აპირებს, რომელიც ნატო-მ საქართველოსთან მიმართებაში უელსის სამიტზე მიიღო.

"ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია. მე ვესწრებოდი ბუქარესტის სამიტს, სადაც ჩვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, რომ ვიზრუნოთ იმ არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რაზეც შევთანხმდით. საკმაოდ მალე ვაპირებ, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა განვიხილოთ ეს ყოვლისმომცველი პაკეტი", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია.

"დამატებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის ნამდვილად ძლიერი პარტნიორი – ის მონაწილეობს ნატო-ს ძალიან ბევრ ოპერაციაში. საქართველომ ძალიან ღირებული კონტრიბუცია განახორციელა ავღანეთში. ასევე მივესალმები რეფორმებსა და პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.