კურტ ტონგის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის ანგარიში იყო მკაფიო მიზნებზე გათვლილი და პოზიტიურ ნაბიჯებზე ორიენტირებული.
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მანვე კმაყოფილება გამოთქვა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის გამო, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა. კურტ ტონგმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ინვესტიციების ზრდას.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.
შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ არსებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ხვალ, 30 ოქტომბერს კურტ ტონგის მონაწილეობით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, სადაც დეტალურად განხილება ეკონომიკური თანამშრომლობის ორმხრივი საკითხები და დაიგეგმება სამომავლო პროექტები.
მისივე ინფორმაციით, 2014 წლის 12 დეკემბერს USAID–ის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს მაღალი დონის კონფერენციის გამართვას.
კურტ ტონგი 1990 წლიდან არის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატი ეკონომიკურ საკითხებში. მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი აზიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი სეულში, მრჩეველი გარემოს, მეცნიერებისა და ჯანმრთელობის საკითხებში პეკინში, სახაზინო ატაშეს მოადგილე ტოკიოში და ეკონომიკის ექსპერტი მანილაში, ფილიპინები.