შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების ცენტრს 24 ახალი მანქანა გადასცა. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი ესწრებოდნენ.
სამედიცინო წესით აღჭურვილი FORD-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება. პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს - 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს - 2, გორი, ტყვიავის, ზუგდიდის რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცემა.
"ჩვენ 11 მილიონი ლარი გამოვყავით და შევიძინეთ 180 ასეთი მანქანა. ეს არის ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტომანქანები. მასში ყველაფერი იმისთვის, რომ პაციენტი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. რეგიონების ავტოპარკში მანქანების შეყვანა 2005 წელს მოხდა და მაშინ "უაზის" ტიპის აბსოლუტურად გაუმართავი მანქანები გადაეცათ სასწრაფო დახმარების სამსახურებს, რომლებიც ამავდროულად, არ იყო სახელმწიფოს კუთვნილება და გაუგებარი სადაზღვევო კომპანიების კუთვნილებაში ირიცხებოდა. მომსახურება იყო კატასტროფული - ხშირ შემთხვევაში მანქანები გაუმართავ მდგომარეობაში მუშაობდნენ, რის გამოც ვერ ხდებოდა პაციენტის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება. იმის გამო, რომ ავტომანქანები არ იყო აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით, არაერთხელ დამდგარა ფატალური შედეგი, თუმცა ეს არ გაშუქებულა. ჩვენ ავტოპარკს მთელი საქართველოს მასშტაბით განვაახლებთ. ყველგან იქნება თანამედროვე ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები", - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ, რაც მას ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მანქანები დაათვალიერებინა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკების განახლების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.
"ბოლო ვადა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად მოხდება ავტოპარკის განახლება, არის წლის ბოლო. პირველი პარტია რეგიონებში დღეს უკვე წავიდა. მანქანების ტიპი შერჩეულია რაიონების და რეგიონების რელიეფის მიხედვით - მაღალი გამავლობის იქნება იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. შემდეგი პარტიები უკვე შემოსულია, თუმცა მიმდინარეობს შიდამოსამზადებული სამუშაოები და ფაქტობრივად, ყოველ კვირას შეგვემატება ახალი მანქანები", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
2015 წლის დასაწყისისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი FORD-ის საშუალო გამავლობის 80 და VOLKSWAGEN-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.