ირმა ჭკადუა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს

ირმა ჭკადუა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს

ადვოკატი ირმა ჭკადუა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ირმა ჭკადუამ განუცხადა , ბიზნესმენების საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში განიხილეს, უკანონო გადაწყვეტილებაა გამოტანილი.

"საქმე განიხილა უკანონო შემადგენლობამ, საქმეზე მოსამართლე იქნა აცილებული და შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარემ დანიშნა სათადარიგო მოსამართლე. სასამართლოს თავმჯდომარემ, პლიუს მოსამართლემ, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში, როგორც სათადარიგო, დაარღვიეს კანონი. ასეთი ტიპის საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ცალსახად, ეს საქმე არის გასაუქმებელი, როგორც უკანონო შემადგენლობით განხილული. ჩვენ მივმართავთ კოტე კუბლშავილს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მან ეს პოცედურები ჩვენზე კარგად იცის. ჩვენ გვინდა, რომ მან პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, თუკი სასამართლომ ხარვეზი არ გამოასწორა, საქმე წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

"მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ საქმეში ჩართულია ამერიკის საელჩო და საელჩოს წარმომადგენელი ესწრება ამ პროცესს. მივმართავთ სახალხო დამცველს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ეს არის თითით საჩევენებელი უნიკალური საქმე, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს სასამართლო, მოსამართლე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე. ამ საქმით მოსამართლეებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გააუპატიურეს", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, საქმე, რომელიც ბიზნესმენების დაკავებას უკავშირდება სააპელაციო სასამართლოში დღეს იხილება.

"ეს გახლავთ ბიზნესმენების ართმელაძის, შველიძის და ბერიაშვილის საქმე. კონკრეტულად რა მუხლით არიან ეს ადამიანები დაკავებული, არ არის საინტერესო იმდენად რამდენადაც სასამართლოს საქმის გაყალბების მასშტაბები არის უპრეცედენტო", - განაცხადა ჭკადუამ.