"ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რასაც ხალხი აღარ დაუშვებს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ვახტანგაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

"ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. ნაცვლად იმისა, რომ ერთიანი სულისკვეთების დემონსტრირება მოეხდინათ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელები - სააკაშვილი, ბოკერია და სხვა ლიდერები ცდილობენ, ქვეყანაში დანერგონ ქაოსი, რათა რამენაირად შეაფერხონ ქვეყნის განვითარების პროცესი და ამით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიით“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა. მისივე თქმით, რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდება, არის ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვიტოვა. „ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას, გაუზარებელ ნაბიჯებსა და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოჰყვა. სწორედ სააკაშვილის რეჟიმის შედეგია, რომ დღეს ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დანარჩენ ტერიტორიაზე ახალი მავთულხლართებია გაბმული. სააკაშვილის რეჟიმმა მიატოვა და დათმო წლობით ნალოლიავები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა, ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, ჯამში 150 სოფელი. სააკაშვილის რეჟიმის შედეგის ათასობით ახალი დევნილი და საქართველოს შუაგულში გაჩენილი დევნილთა ახალი დასახლებები“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა. დეპუტატის თქმით, აგრესიისა და მტრული რიტორიკის გარდა, „ნაციონალებმა“ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებებით, ტერორითა და ადამიანის უფლებების შეზღუდვით აფხაზები და ოსები კიდევ უფრო დააშინეს. „არავის გაუჩნდება იმ ქვეყანაში თანაცხოვრების სურვილი, სადაც ადამიანებს კლავენ, აწამებენ და ქონებას ართმევენ. იმ კრიმინალურ საქმეებთან ერთად, რაზეც სასამართლო მათ ლიდერებს უკვე გამოუტანა განაჩენი, ეს არის ერის, ქვეყნისა და საკუთარი შვილების წინაშე ჩადენილი უპატიებელი დანაშაული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს გამოისყიდის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ იქნება თქვენი თანამოაზრე, რაც ბოლო სამმა არჩევნებმაც დაადასტურა. ასევე ვფიქრობ, რომ თქვენს აქციებს არცერთი თავმოყვარე პარტია არ შეუერთდება და ძალიან ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენს მიერ დაანონსებული ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რამდენიმე ნაფტალინმოყრილი თქვენივე სატელიტი პარტიის ამარა თუ აღმოჩნდებით. თქვენი მთავარი ამოცანა არა აფხაზეთის დაბრუნება, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებაა, რასაც ქართველი ხალხი არასდროს აღარ დაუშვებს“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა.