სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს , უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს განათლების სამინისტოს შეისწავლოს რამდენად მართლზომიერი და მიზანშეწონილია მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ, მოსწავლის კონსულტირების პროცესის აუდიო–ვიდეო გადაღება და მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავება, შენახვა და შემდგომი გამოყენება.

მათივე ინფორმაციით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს 6–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, აღნიშნული მომსახურების განხორციელებას ვიდეო–კამერით აღჭურვილ ოთახში გეგმავს, რაც არასრულწლოვანთან ფსიქოლოგის შეხვედრების ვიდეო ფირზე გადაღების, შენახვისა და მიღებული ინფორმაციის შემდგომი დამუშავების საფუძველი გახდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლეებთან განსახორციელებელი სამუშაო პროცესის აუდიო–ვიდეო ჩაწერა წარმოადგენს არასრულწლოვანის პირადი სივრცით დაცულ სფეროში არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ჩარევას, რაც ქმნის სახელმწიფოს მიმართ მოქმედი ნეგატიური ვალდებულების დარღვევის საფრთხეს.