სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას სთავაზობს

სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას სთავაზობს

სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას სთავაზობს. ფარული მოსმენების თაობაზე პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს.

მათი ინფორმაციით, ინიციატივა ევროკავშირის ექსპერტის რეკომენდაციას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადება ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს, რომლის თანახმადაც, ერთი გასაღები ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების ხელში, მეორე კი- სასამართლოში იქნება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საპარლამენტო მდივანმა ვიკა საჯაიამ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ექსპერტთა სამი დასკვნა არსებობს. მისი თქმით, ბოლო დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრონულ კომუნიკაციაზე ოპერატორისათვის შეტყობინებით და მის მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე.

ლიკა საჯაიას თქმით, სამივე დასკვნაში აქცენტი გაკეთებულია, რომ გასაღები უნდა გამოვიდეს სამართალდამცავი ორგანოდან და კონტროლი უნდა განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ. თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ბოლოს ექსპერტმა დაინახა, რომ ერთიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ძალიან ჭირს და ალტერნატიული შეთავაზება გააკეთა ორი გასაღების არსებობის თაობაზე.

საჯაიას თქმით, ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების კომპანია და სასამართლო ტექნიკურად ერთდროულად უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოს დაშვებას კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პერსონალური მონაცემთა ინსპექტორის უფლებამოსილების გაზრდას. სამუშაო ჯგუფის და წევრმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს.