აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"27 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ძლიერი და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენის თაობაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს რეგიონში შექმნილი რეალობის ადეკვატური აღქმის არარსებობას და რეალური ვითარების იგნორირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მოახდინა ქიმერული ინიციატივების ცბიერი ტაქტიკით გატარების დემონსტრირება, რაც საქართველოს იმ დასავლელ პარტნიორებზეა გათვლილი, რომელთათვისაც ოფიციალური თბილისის ნებისმიერი განცხადება მაშინვე ხდება ბიბლიური მცნების ტოლფასი.

"განსაკუთრებულ ამაჩუყებელ გრძნობებს აღძრავს არა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების შეუპოვრობა "აფხაზ და ოს ძმებთან რეალური შერიგების პროცესის" ხელშეწყობაში, არამედ "კეთილშობილური მზრუნველობა" მშვიდობისა და ჰარმონიისთვის. საბედნიეროდ, აფხაზეთში ჯანსაღ შეფასებას აძლევენ "სამშვიდობოს" ჭეშმარიტ მიზანს საქართველოში", - ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთი მტკიცედ დადგა დამოუკიდებელი განვითარების გზაზე და კვლავაც გააგრძელებს ამ გზაზე სვლას საქართველოს ხელისუფლების "ძმური და მეგობრული წინადადებების" თავსმოხვევის გარეშეც.