მიტინგების ყოფილი ლომები, რა შეშინებული ლაპარაკობთ 15 ნოემბერზე

მიტინგების ყოფილი ლომები, რა შეშინებული ლაპარაკობთ 15 ნოემბერზე

ძალიან მიკვირს, რა შეშინებული ლაპარაკობთ ამ 15 ნოემბერზე მიტინგების ყოფილი ლომები, - ამ განცხადებით პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა.

"რა ძალიან საინტერესოა, რომ თურმე ჩვენი მიტინგები ქაოსის მიზნით ეწყობა და თქვენი მიტინგები კარვების გაშლით, ტრასების გადაკეტვით, გრუს-ს რაზმის შემოყვანაზე ლაპარაკით თურმე სტაბილიზაციას ემსახურებოდა", - მიმართა ბობოხიძემ უმრავლესობის წევრებს და დასძინა, რომ 15 ნოემბერი მაინც შედგება იმის მიუხედავად, რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ.

მან დაანონსებული აქციის მთავარი თემაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმარ არანაირი აგრესიული პოლიტიკის გამტარებელი არ არის. ბობოხიძემ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყირიმის თემაზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის პირობებში ქვეყანას არანაირი რეალური შედეგი არ ექნება.

"რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის ანაქსიაზე წასვლა 2008 წელსაც ვერ გაბედა, როდესაც მან საქართველოში სრულმასშტაბიანი ომი აწარმოა. თუკი აფხაზები თანახმა არ იყვნენ, სამხრეთ ოსეთის რეგიონი პირდაპირ ითხოვდა მის შემადგენლობაში შესვლას, მაგრამ მაშინ ამისგან რუსეთმა თავი შეიკავა. დღეს რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე 2008 წელს იყო და ამის მიუხედავად, რუსეთი დღეს თავს უფლებას აძლებს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ. რატომ ბატონებო – ამის თავი და თავი ის ხომ არ არის, რომ სწორად აფასებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც უუნარო და უნიათო ხელისუფლებას. თქვენ ხომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო სანქციების მონაწილე და არ ყოფილი მსჯელობის მთავარი საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის", - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.