თქვენი საქმეა, დაასრულებთ თუ არა ოლიგარქის პოლიტიკურ მოჯამაგირეობას

თქვენი საქმეა, დაასრულებთ თუ არა ოლიგარქის პოლიტიკურ მოჯამაგირეობას

თქვენი საქმეა, დაასრულებთ თუ არა ოლიგარქის პოლიტიკურ მოჯამაგირეობას და დაიწყებთ თუ არა ოდესმე საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოქმედებას, მაგრამ საქართველო ვერ დაგელოდებათ, - ასე მიმართა ხელისუფლებას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი განაცხადებით, არსებითია ხალხმა შეძლოს მძლავრი პატრიოტული მოძრაობის ორგანიზება. წიკლაურის აზრით, 15 ნოემბერს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება უშუალოდ დაიცვას საქართველოს ინტერესები და გააკეთოს ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" ვერ გააკეთა თავისი კოლაბორაციონისტული ინტერესების გამო.

"ახლა როდესაც რუსეთმა დაიწყო მორიგი და გადამწყვეტი თავდასხმა საქართველოზე, განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ის უმძიმესი შეცდომები, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობამ საგარეო და საშინაო პოლიტიკის ფორმირებისას დაუსვა. საქართველო აღარ არის დაპირისპირების საგანი საქართველოსა და რუსეთს შორის – ასე ითხოვდა "ქართული ოცნება" და სამაგიეროდ, საქართველო საერთოდ აღარ არის სათანადო ინტერესის საგანი საერთაშიროსო მოედნებზე სწორედ იმ კურსის მიზეზით, რომელიც საქართველოს აქვს. ორი წლის განმავლობაში საქართველომ იარა მცდარ გზაზე, ვერ ჩამოაყალიბა მწყობრი საგარეო პოლიტიკა; მიამიტური და მავნებლური იყო მიდგომა, რომ გამოსავალი რუსეთის კრიტიკისგან თავშეკავებაა; პრიმიტიული და საზიანო იყო ივანიშვილის მტკიცება, რომ რუსეთი არ დაესხმება თავს საქართველოს; კატასტროფული იყო ფორმულის "არ გავაღიზიანოთ რუსეთი" ქართული პოლიტიკის ლაიტმოტივად ქცევა. საერთაშორისო ტრიბუნებს, მსოფლიო პრესის ფურცლებს ხელისუფლება ოპოზიციის ლანძღვისთვის, ქვეყნის დისკრედიტაციისთვის იყენებს და არა საქართველოს ინტერესების დაცვისთვის", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერი პუტინის, ლავროვის და სეპარატისტების ლექსიკით საუბრობს აფხაზთა და ოსთა თვითგამორკვევის უფლებაზე და ვკითხულობ - "რომელი ქვეყნის პრემიერია ის?".

"ვინმე ხედავს ლოგიკას ავტონომიის ვითომ ახალ, აბსურდულ შეთავაზებაში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ? თვით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველებიც კი სასაცილოდ იგდებენ ამ ქვეყნის პრემიერს და არაადეკვატურს უწოდებენ მის ქმედებებს", - დასძინა ნუგზარ წიკლაურმა.