არეულობა, ეს არის ერთადერთი მიზანი, რომელიც დღეს

არეულობა, ეს არის ერთადერთი მიზანი, რომელიც დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუჯერონ "ნაციონალური მოძრაობის" სიცრუეს , ვინაიდან არავითარი წუხილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი მათ არ გააჩნიათ.

"პრეზიდენტყოფილის სააკაშვილის განცხადებები არათუ სცილდება რაიმე ლოგიკას და კონსტრუქციულობის ელემენტები ეტყობა, არამედ პირდაპირ მიმართულია იმისაკენ, რომ ვითარება აიროს, დაიძაბოს, იქნებ თვითონ რაღაცა პოლიტიკური რეაბილიტაცია თუ გაცოცხლება შეძლოს ამ დაძაბულ სიტუაციაში. არავითარი პერსპექტივა ამას არ გააჩნია და განსაკუთრებით იმ სიცრუის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად გაისმის, რომ თითქოსდა ჩვენ გვინდა, ამოვიღოთ საქართველო დასავლეთისა და რუსეთს შორის დიალოგიდან. ტყუილია, სიცრუეა, საგარეო კურსის, რომელიც თითქოსდა ერთად დავამტკიცეთ, მე-12 მუხლის გადაკითხვაა საჭირო, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი დასავლეთის და რუსეთის მოლაპარაკებას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ისაუბრა იმ შეცდომებსა და განცხადებებზე, რომელსაც საქართველოს წინა ხელისუფლება 2008 წლის ომამდე უშვებდა და რომელზეც მიუთითებდა საერთაშორისო საზოგადოება და ახლა "ვითომ პატრიოტული დროშის ქნევით გამოდიან და 15 ნოემბერს ხალხის შეცდომაში შეყვანით სურთ, ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ".

"ტყუილია, სიცრუეა, არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ არავითარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი წუხილი ამ ხალხს არ გააჩნია. არეულობა – ეს არის ერთადერთი მიზანი, რომელიც დღეს აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.