პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმე გამოიძიოს

პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმე გამოიძიოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების საქმეებს შორის პარალელების გავლებას ნაჩქარევად მიიჩნევს.

როგორც პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმე გამოიძიოს. ამასთან, პრემიერის განმარტებით, მისთვის ეს შემთხვევა საწყენი იყო.

"ძალიან ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიებას. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება ამ საქმეზე მუშაობა დაასრულოს და არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.