ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საკუთარ უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს წერილს უგზავნის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამეტნიდან ანცობეს.

"ჩემი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილება იწურება და ამასთან დაკავშირებით, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე წლებია გვაკავშირებს.

ერთობლივი ჩართულობით ჩვენ თანმიმდევრულად ვაძლიერებდით და ვაფართოებდით ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რაც ივნისში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით დაგვირგვინდა"- აღნიშნავს ეშტონი მაია ფანჯიკიძისადმი მიწერილ წერილში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საკუთარ წერილში აღნიშნავს, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების დროებითი ამოქმედება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, ჩვენს მიერ ერთობლივად შემუშავებული ასოცირების დღის წესრიგის ჩათვლით, და რომ ჩვენ ახლო მომავალში დავინახავთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს", - ნათქვამია წერილში.

ქეთრინ ეშტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართვეოლოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით არააღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩართულობას კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტის საქმეში.

ევროკავშირი კვლავაც რჩება თქვენი და თქვენი ქვეყნის სანდო და ერთგულ პარტნიორად ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საერთო მიზნის მიღწევის გზაზე. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან თანამშრომლობის პერიოდს და წარმატებას გისურვებთ მომავალში", -ნათქვამია ქეთრინ ეშტონის წერილში.

თავის მხრივ მაია ფანჯიკიძემ ეშტონს საპასუხი წერილი მისწერა, სადაც მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მისი პირადი ძალისხმევისა და მახრდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ყოველთვის დარჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად.

ქეთრინ ეშტონი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 1 ნომებრეს დატოვებს. მას იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი შეცვლის.