საიდუმლო შესყიდვაზე  ნდობის ჯგუფი იმსჯელებს

საიდუმლო შესყიდვაზე ნდობის ჯგუფი იმსჯელებს

საიდუმლო შესყიდვაზე, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული, ნდობის ჯგუფი იმსჯელებს თავდაცვის სამინისტროს მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანაზე განხორციელებული საიდუმლო შესყიდვა პარლამენტის ნდობის ჯგუფის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღმასრულებელ უწყებებს სათანადო წერილები გაეგზავნა და მას შემდეგ, რაც შესაბამისი მასალა დამუშავდება, ნდობის ჯგუფის სხდომა ჩატარდება. დეპუტატის ცნობით, განხილვის თემა ის შესყიდვაც იქნება, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანია დაკავებული.

ამასთან, სესიაშვილი განცხადებით, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით კომიტეტი წინასწარ იყო ინფორმირებული. ამ კონტექსტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს"თავდაცვის შესახებ" და "ნდობის ჯგუფის" შესახებ კანონებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, თუკი არასაიდუმლო წესით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 000 000 ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს აღემატება, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, შესყიდვის თაობაზე პარლამენტის კომიტეტს წინასწარ აცნობოს. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნულ თანხებში საიდუმლო შესყიდვა ხორციელდება, ინფორმაცია ნდობის ჯგუფს მიეწოდება.

"პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ როდესაც ასეთი ტიპის შესყიდვა ხორციელდება, თავდაცვის უწყება პარლამენტის კომიტეტს წინასწარ აცნობებს. მეორე, აღნიშნული საკითხი თავისთავად იმ განსახილველ საკითხთა ნაწილი იქნება, რომლის შესახებაც ნდობის ჯგუფი შეიკრიბება. რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ნაწილი საიდუმლოა, ნაწილი – არასაიდუმლო, ანუ ციფრები საიდუმლო ალბათ არ არის, ხოლო კონკრეტულად რას ხმარდებოდა ეს თანხა, სავარაუდოდ, საიდუმლოა. თავისთავად ცხადია, თუ შესყიდვა საიდუმლო შესყიდვის ფორმით განხორციელდა, როდესაც ნდობის ჯგუფი შეიკრიბება, მათ შორის ამ საკითსაც განიხილავს. ნდობის ჯგუფის მოწვევასთან დაკავშირებულია კოლოსარული სამუშაო - უნდა მოხდეს უწყებების მიერ საიდუმლო შესყიდვების შესწავლა და მას შემდეგ, რაც შესაბამისი მასალა დამუშავდება, თავისთავად ცხადია, ნდობის ჯგუფის სხდომა ჩატარდება. უნდა გითხრათ, რომ ყველა უწყებას დაგაგზავნილი აქვს წერილები ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. ამ კონკრეტული შესყიდვის შესახებ წინასწარ გვეცნობა, თუმცა ეს იყო ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო აპირებს აღნიშნული მომსახურების შესყიდვას, დეტალების გარეშე", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სესიაშვილმა.

კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებული არიან თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.