თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმე და ე.წ. ტრაქტორების საქმე ძალიან ჰგავს ერთმანეთს

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმე და ე.წ. ტრაქტორების საქმე ძალიან ჰგავს ერთმანეთს

ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმე და ე.წ. ტრაქტორების საქმე ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე დაკავებული გიორგი ლობჟანიძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქმეები ერთმანეთს თავისი ბუნებითა და მტკიცებულებებით ჰგავს. მისივე თქმით, ის ამ მსგავსებას იქიდან გამომდინარე აკეთებს, რომ ის იცავდა ე.წ.ტრაქტორების საქმეზე დაკავებულების ინტერესებსაც.

"მე ტრაქტორების საქმეშიც ვმონაწილეობდი. ეს საქმეები ერთი შეხედვით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ აღნიშნულთან დაკავშირებით. საქმეები ერთმანეთს ჰგავს თავისი ბუნებით და თავისი მტკიცებულებებით. ახლაც ანალოგიურ ბრალზეა საუბარი, რაც პროკურატურის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან ჩანს. პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მე ვაკეთებ სამართლებრივ შეფასებას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით დაკავებულები გაოგნებულები არიან, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმისთვის არიან დაკავებულები.

"დღეს დაკავებულების მიმართ მოხდება ბრალდების წარდგენა, საქმის მასალებს შემდეგ გადმოგვცემენ. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ, მათთვის გაურკვეველია თუ რატომ არიან დაკავებულები. დაკავებულები საუბრობენ, რომ ყველაფერი პირიქით მოხდა, ანუ არა თუ აზარალეს სახელმწიფო, არამედ რამდენიმე მილიონის მოგება ნახა ქვეყანამ. გაოგნებულები არიან თუ რატომ არიან დაკავებულები. ყველა გაკვირვებულია, რადგან როგორც ამბობენ, კარგი და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმისთვის არიან დაკავებულები", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ამასთან, ლევან სამუშია მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა აღნიშნულ საქმეზე და საქმის გამოძიება უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

"გრიფი "საიდუმლოსთან" დაკავშირებით მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს რომ მოიხსნას ის. ჩვენ ინტერესშია, რომ საქმის გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ამ დროისთვის ადვოკატები ე.წ. მოდულის შენობაში შედიან, სადაც დაკავებულებს ბრალს წარუდგენენ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.

უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

მთავარმა პროკურატურამ დააკავა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.