თუ კოალიცია იქნება არა ევროპული ტიპის, მაშინ რა საკითხებსაც არ ვეთანხმებით, გამოვალთ და ვიტყვით

თუ კოალიცია იქნება არა ევროპული ტიპის, მაშინ რა საკითხებსაც არ ვეთანხმებით, გამოვალთ და ვიტყვით

თუ კოალიცია იქნება არა ევროპული ტიპის, არამედ ტექნიკური, მაშინ რა საკითხებსაც არ ვეთანხმებით, გამოვალთ და ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით" , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა "რესპუბლიკური პარტიის" მიერ წარმოდგენილი მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგისა და პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გამოჩენილი ემოცია (რომ მხარს არ დაუჭერენ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღების გადავადებას) "რესპუბლიკური პარტიის" განცხადების თანხვედრია.

"ჩვენ რასაც ვფიქრობთ, ის დავწერეთ. ჩვენ ვთვლით, რომ უფრო შორს უნდა წავიდეს კოალიცია, ბევრი რამე იყოს ფორმალიზებული და ბევრ რამეს უნდა მოვაწეროთ ხელი, ზეპირად არ უნდა იყოს, არ უნდა შეიქმნას ისეთის სისტემა, რომელიც მოუწესრიგებელია და მოწესრიგება არის დაწერა, ხელის მოწერა, გააზრება – ჩვენ ამას ვთავაზობთ მარტო ჩვენთვის არა, ყველასთვის. თუ მიიღებენ, მიიღებენ, თუ არ მიიღებენ და იქვე ნათქვამია, როგორც ვიმოქმედებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, კოალიციის წევრები ვართ და ვიქნებით, მაგრამ თუკი ეს კოალიცია იქნება არა ევროპული ტიპის, არამედ ტექნიკური, მაშინ რა საკითხებსაც არ ვეთანხმებით, ცალკე გამოვალთ და ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მას ჰკითხეთ, მე რატომ მეკითხებით, მას თავისი აზრი აქვს. ჩვენ არავისთან ბრძოლას არ ვაპირებთ, არამედ ვგეგმავთ გავაუმჯობესოთ კოალიცია, რომელიც არის ხელისუფლებაში", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართული ოცნების" ეფექტურობის გაზრდის მიზნით პარტნიორებს ორ შესაძლო გზას სთავაზობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში, რომელიც მან მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ გუშინ გაავრცელა.

პარტიის განმარტებით, ორი გზიდან პირველი არსებული სპეციფიკური (წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული) კოალიციის კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად გადაქცევას გულისხმობს, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება პასუხისმგებლობების სრულყოფილად გადანაწილებითა და დეკლარირებული და პრაქტიკული ერთიანობით საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, მეორე კი ისეთ კოალიციად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.