გიორგი მარგველაშვილი - ემოცია, რაც დღეს გამოჩნდა

გიორგი მარგველაშვილი - ემოცია, რაც დღეს გამოჩნდა "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან, ”რესპუბლიკელების” განცხადების თანხვედრია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "თუ რამე კორუფციული გადაცდომაა, ეს ცალკე საკითხია, ხოლო თუ ეს პოლიტიკურ თემას უკავშირდება, სირთულეა". 

როგორც მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის არ თვლის, რომ "თავისუფალი დემოკრატების" განცხადება, რომ მხარს არ დაუჭერენ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავებასთანაა კავშირში, ვინაიდან მსგავსი აზრთა სხვადასხვაობები კონკრეტულ კანონპროექტებთან მიმართებაში, მარგველაშვილის ინფორმაციით, კოალიციის შიგნით არაერთხელ ყოფილა, მათ შორის მისი განათლების მინისტრად მუშაობის დროს.

"მე მგონი ეს ემოცია, რაც დღეს გამოჩნდა "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან, არის თანმხვედრი იმ განცხადების, რომელიც ჩვენ დღეს "რესპუბლიკური პარტიისგან" მოვისმინეთ, რომ ისინი უფრო ღიად, დემოკრატიული დისკუსიის მომენტში ხედავენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს. კოალიცია გულისხმობს იმას, რომ არა ერთი უნიფიცირებული სტრუქტურაა, არამედ ამ სტრუქტურის შიგნით დამოუკიდებელი პოლიტიკური სტრუქტურები არსებობენ. მე მივესალმები პლურალიზმს. დისკუსია და დემოკრატიული აზრების განსხვავებულობა არ გამორიცხავს კოალიციას. "რესპუბლიკელების" განცხადებაში სწორედ ეს იყო", - განაცხადა გუშინ გიორგი მარგველაშვილმა. 

რაც შეეხება კითხვას, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ხომ არ არის ყველაზე რეიტინგული მინისტრის – ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის საშუალება, რომელიც უახლოეს პერიოდში პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას გეგმავს, მარგველაშვილი აცხადებს, რომ "შესაძლოა, ამან გააჩინა ეჭვები და ამ ეჭვებზე კვალიფიციურად კომენტარებს გააკეთებენ პოლიტიკური ანალიტიკოსები, მაგრამ ამ თემების - კორუფციაში ბრალდება, პოლიტიკური გუნდი, პარტიის გაძლიერება - ერთმანეთთან დაკავშირება, ჩემი საქმე და პრეროგატივა არაა. ერთი-ორი წლის წინ კი ჩავუღრმავდებოდი ამ თემას და გიპასუხებდით. მე არ გავცნობივარ საქმის დეტალებს, არც მაქვს ამის უფლება, მაგრამ თუ არის რამე კორუფციული გადაცდომა, ეს ცალკე საკითხია, ხოლო თუ ეს პოლიტიკურ თემას უკავშირდება, ბუნებრივია, სირთულეა, ისევე, როგორც ნებისმიერი შემთხვევა, როცა სამართალდამცველთა მოქმედება რაიმე ანარეკლს ტოვებს პოლიტიკურ პროცესზე. შესაბამისად, ნუ მომთხოვთ ამ ლოგიკურ კონსტრუქციაზე კომენტარის გაკეთებას, კვალიფიციური პოლიტიკური ექსპერტები საკმარისად არიან საქართველოში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ალასანიას გადადგომის ან მის მიერ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პოზიციის დატოვების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაუგია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების გამო ვიზიტის შეწყვეტას და საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, პრეზიდენტის აზრით, აქ პოლიტიკური კონტექსტი არ არის.
"ალასანია არის ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პოზიციაზე, ის არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის ლიდერი. მე არ მგონია, რომ ჩემ პრეროგატივაში არის რაიმე კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის, სამხედროების თემას განსაკუთრებული სიფაქიზით უნდა მოვეპყრათ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჯარი. მე არ მგონია, რომ ალასანია მიდის, ის არის ეფექტური მინისტრი. ალასანიას მიერ განხორციელებული რეფორმები არის ძალიან მაღალი ხარისხით შეფასებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ის არის ეფექტური მინისტრი, მისი პოლიტიკური კაერიერა და პოლიტიკური პოზიცია, ამ შემთხვევაში ჩემთვის ნაკლებად აქტუალურია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.